ბავშვებს Sratch-ი თავიანთი ფიქრებისა და იდეების გაციფრულების შესაძლებლობას აძლევს - გაიცანი ლექტორი
ამირან ტაბიძე განათლებით ინჟინერ-ფიზიკოსია. 10 წელზე მეტია მოსწავლეებს კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. პირველად, პროგრამირებასთან შეხება სკოლის ასაკში ჰქონდა, როდესაც Python-ის პროგრამირების ენის შესწავლა დამოუკიდებლად დაიწყო. შემდეგ ნელ-ნელა სხვა პროგრამირების ენებსაც გაეცნო. ახლა ცოდნას პატარებს უზიარებს და ნიკოლა ტესლას სკოლაში ვიზუალურ-ბლოკურ პროგრამირებას, Scratch-ს ასწავლის:
„გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის გამეზიარებინა კომპიუტერულ მეცნიერებებში დაგროვილი ცოდნა. პროგრამირების პროცესი მოსწავლეებისთვის მარტივად გასაგები და ადვილად აღსაქმელი რომ გამხდარიყო და სწავლის პროცესი სახალისო, საინტერესო ყოფილიყო, სხვადასხვა პლატფორმებისა თუ პროგრამების ტესტირება დავიწყე. ამას დიდ დროს ვუთმობდი, თავად ვსწავლობდი, რათა მოსწავლემდე სრულყოფილად მიმეტანა. ასე აღმოვაჩინე Scratch-ი - ვიზუალურ-ბლოკური პროგრამირება, რასაც მოსწავლეები აქტიურად იყენებენ არამარტო შესასწავლად, არამედ სხვადასხვა სირთულისა და კომპლექსური პრობლემის გადასაჭრელად.“, - გვიყვება ამირანი.
Scratch-ი ვიზუალურ-ბლოკური პროგრამირების ენაა, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ არის შემუშავებული. ის ტექსტური კოდირების ნაცვლად, ვიზუალური (ფერადი), ბლოკების გამოყენებით საინტერესო თამაშების, ანიმაციებისა და სხვადასხვა სირთულის მქონე აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. Scratch-ი უკავშირდება ისეთ მოწყობილობებს, როგორებიცაა: Lego wedo, Lego mindstorms ev3, Arduino და ა.შ
„ბავშვებს Scratch-ი თავიანთი ფიქრების, იდეებისა და პროექტების გაციფრულების შესაძლებლობას აძლევს. ის მოსწავლეებს შემოქმედებითად ფიქრისკენ უბიძგებს, ასწავლის თავიანთი იდეების სისტემატიზაციას, გუნდურად მუშაობას, უვითარებს ალგორითმულ აზროვნებას, კრიტიკული აზროვნებას, აბსტრაქტულ აზროვნებას, შეცდომების აღმოფხვრის და გასწორების უნარს, ასევე პროგრამირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს - ეს ის უნარებია, რაც 21-ე საუკუნის ადამიანს სჭირდება.
მე კი, Scratch-ის სწავლების უკვე 6-წლიანი გამოცდილება დამიგროვდა. ვცდილობ, ყოველი გაკვეთილი წინასგან განსხვავებული და მასზე უკეთესი იყოს, რაშიც მოსწავლეების უკუკავშირი მეხმარება. კონკრეტულ პროექტებზე მუშაობისას, მათგან შემოქმედებით მიდგომებს ვსწავლობ და საინტერესო იდეებს ვისმენ, რასაც გაკვეთილებზე ვიყენებ.“
S: როგორია ბავშვების ჩართულობა სწავლების პროცესში?
სწავლის დაწყებამდე, მათ პედაგოგისგან სწორი მოლოდინები აქვთ. იციან, რისი გაკეთების საშუალებას იძლევა Scratch-ი. შესაბამისად, ლექციებზე მხოლოდ ისინი არიან, ვისაც ეს საქმე აინტერესებს. ისიც იციან, რომ ყოველი შემდეგი გაკვეთილი განსხვავებული იქნება, ყურადღებით ისმენენ და აქტიურად ერთვებიან პროექტების მომზადებასა თუ მის განხორციელებაში.
შემოგვიერთდი კურსზე აქ.
ნიკოლა ტესლას სკოლაში Scratch-ის ბავშვებისთვის შესწავლის პარალელურად, პედაგოგებზე მორგებული კურსიც გაიხსნა:
„მასწავლებლები შეისწავლიან Scratch-ის როგორც offline, ისე web პლატფორმას და მის გამოყენებას. ასევე, დაწყებითი სირთულის პროექტებიდან ყველაზე რთული პროექტების განხორციელებას და სხვადასხვა მოწყობილობებში კოდის ინტეგრირებას. კურსი მხოლოდ Scratch-ის სწავლებას არ მოიცავს, შეისწავლება პროგრამირების ბაზისიც, რათა მასწავლებლები მზად იყვნენ, უპასუხონ მოსწავლის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას და ინფორმაცია სრულყოფილად მიაწოდონ.“ - ამბობს ამირანი.
გაიგე კურსის შესახებ მეტი აქ.